საქართველოს პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მან არაფერი იცის პოლონელი ექიმების შესახებ, რომელთა ჯგუფის ერთ–ერთ წევრს იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის ფეხსაცმლით გატანაში ადანაშაულებს. გიული ალასანია ამბობს, რომ ამ ინციდენტის შესახებ არაფერი იცის.
ამასთან, გიული ალასანია ამბობს, რომ გაუგებარია მისკენ „რატომ იშვერენ ხელს“.
„ალბათ, კომენტარი გაკეთდება იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ამ ადამიანის მიმართ არის, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ძალიან დიდი ინტერესია, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული დიდ ხანს ვერ დარჩება, მე ასე მგონია და ალბათ, შემდგომ კომენტარებს მოვისმენ. ალბათ, იქითა მხარეც თავის განმარტებას გააკეთებს, არ ვიცი. არ ვიცი, ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ იმიტომ, რომ მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი ხოლმე, რომ თანახმა ვარ. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა [ინფორმაცია] იმ ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია და როგორ უნდა განმემარტა? უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც ამ ხალხთან კონტაქტში იყო, მე რა შუაში ვარ?“ – განაცხადა გიული ალასანიამ და ასევე განმარტა, რომ არ იცის, არსებობდა თუ არა რაიმე პროტოკოლი, რომელიც პოლონელ ექიმებს უნდა დაეცვათ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, –მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას”.