„მე სახელმწიფოს არ მივატოვებ“– თუ ომის დროს არჩევნები ჩატარდება, ზელენსკი მეორე ვადით იყრის კენჭს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუ არჩევნები 2024 წელს, ომის დროს ჩატარდება.

„2024 წელს, თუ ომი გაგრძელდება, თუ არჩევნები ჩატარდება, ჩემს სიცოცხლეში არასოდეს მივატოვებ ჩემს სახელმწიფოს. იმის გამო, რომ მე ვარ კონსტიტუციის გარანტი, მე მას ვიცავ ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა მან.

2019 წლის არჩევნებამდე ზელენსკიმ პირობა დადო, რომ მეორე ვადით კენჭისყრას არ აპირებდა.

კონსტიტუციის თანახმად, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2023 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში, თუმცა უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების ჩატარებას საომარი მდგომარეობის პირობებში.

უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა არაერთხელ მიანიშნებდნენ, რომ ომის მიუხედავად ისურვებდნენ  არჩევნების ჩატარებას.

23 აგვისტოს ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. მისი აზრით, „თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუნდაც უკრაინაზე თავდასხმის დროს“ შეუძლია აჩვენოს, შეიცვალა თუ არა ქვეყანა კორუფციის თვალსაზრისით.

ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ არჩევნების ჩასატარებლად, პირველ რიგში, აუცილებელია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და დამატებითი დაფინანსება.

მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება, გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნები უნდა დაეხმარონ ევროპულ და სხვა ქვეყნებში მყოფი მილიონობით ლტოლვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის ორგანიზებაში.