„მე წამოვედი, მანუ გაუშვეს.. ამ კანონს არ ვიზიარებ და არ მომწონს!” – POSTV-ის გადაცემა “დღის პოსტი” ირმა სოხაძისა და მანუ მურღულიას გარეშე აგრძელებს მუშაობას.
დაახლოებით 2 კვირის წინ, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამოვიდა, შემდეგ მან განაცხადა რომ გადაცემა დროებით შეჩერდა. სხვა კომენტარი მას არ გაუკეთებია.
ირმა სოხაძე აცხადებს, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში არის საფრთხე, ჩვენს ქვეყანაში მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც რუსეთში.
“წამოვედი. მანუ გაუშვეს და არავისთვის არ მინდოდა ჩემი პოზიციით დისკომფორტი შემექმნა და ვერც ჩემს თავს შევუქმნიდი. ნებაყოფლობითი ტაიმაუტი ავიღე, არავის უთქვამს, წადიო.
მე არ მესმის ეს კანონი დღეს ასეთი ძვირი რატომ ღირს, რომ ქვეყანა ორად გახლიჩა. ძალიან გაფუჭდა ურთიერთობა და კიდევ რა გველის არ ვიცით. ფსიქოლოგიურ ტერორში ვართ მთელი ქვეყანა. როდესაც რაღაც არ მესმის, მე გვერდზე გავდივარ ან ვამბობ.
მე არ ვარ ნაცების მოყვარული. ასეთი ნარატივია, რომ ოცნებას თუ გააკრიტიკებ, ნაცი ხარ, ეს არ გამიბედოს არავინ, ვინც მე ნაცს დამიძახებს, ის თავად არის ნაცი. თუ რამის დაბრუნება და რევანში არ მინდა წარმოვიდგინო, ეს არის ნაცების მობრუნება.
კანონიც წავიკითხე, რუსულიც ვიცი რა არის, რა საფრთხეებია. რომ არის საფრთხე იგივე სცენარი განვითარდეს, როგორც რუსეთში. არის საფრთხე, რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია, ოპოზიციური აზრი.
არ მაქვს არანაირი სურვილი არსად გამოჩენის, უნდა გავერკვე, ჩემი ქვეყანა საით მიდის. ძალიან თბილად მხვდება ხალხი ქუჩაში, ყოველი მეორე ადამიანი მიღიმის, მაჩერებენ, სურათს იღებენ. ხშირად მქონია მომენტი, როდესაც ჩემი თავი დამიბლოკავს სამი, ოთხი, ხუთი წლით. კიდევ მაქვს იმედი ჩემი არჩეული ხელისუფლების, რომელიც დღესაც არის, რომ გონიერებას მოუხმობს”, – განუცხადა “ამბებს” სოხაძემ.