მე-7 დღეა კონსულტანტები დღეში 10 კმ-ზე მეტს ფეხით დადიან, 12-ვე ფილიალს ვკეტავთ – ზოომარტი

კომპანია ,,ზოომარტის” განცხადებით, 26 აპრილიდან 12-ვე ფილიალი დაიკეტება, რადგან თანამშრომლების ტრანსპორტით გადაადგილების საშვი ვერ მოიპოვეს და მათ თანამშრომლებს ყოველდღიურად 10-ზე მეტი კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

,,გატყობინებთ რომ კვირას, 26 აპრილიდან ჩვენი კომპანიის 12-ივე ფილიალი გაურკვეველი ვადით დაიკეტება. მე-7 დღეა ჩვენს კონსულტანტებს ყოველდღიურად უწევთ ფეხით 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა, რათა ვუზრუნველყოთ ფილიალების ფუნქციონირება. ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან არ მიგვიღია ნებართვა რომ მოვახდინოთ მათი უსაფრთხო, კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირება ფილიალებამდე და სამუშაო დღის ბოლოს უკანა გზაზე, სახლებში”,- წერს კომპანია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მათ ვერც საკურიერო მომსახურების საშვი მოიპოვეს.

,,გვესმის რომ ქვეყანაში შექმნილია რთული ვითარება, სახელმწიფო დგას უამრავი გამოწვევების წინაშე და ჩვენი პრობლემები შესაძლოა არც თუ ისე პრიორიტეტულია. თუმცა, დამატებითი ბარიერების ფონზე ჩვენთვის ასეთ რეჟიმში შეუძლებელი ხდება ფუნქციონირება და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ. წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილების გამო რამდენიმე მათგანს უკვე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და დღეიდანვე შესაძლოა რამდენიმე ფილიალი ვერ გაიხსნას.

იმედს ვიტოვებთ რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი სამთავრობო უწყებები: თბილისის მერია / Tbilisi City Hall , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებენ და მოგვაქცევენ ყურადღებას რომ ახლო მომავალში კვლავ შევძლოთ თქვენი მომსახურება”,- წერია კომპანია ზოომარტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური საშვების დახმარებით აქვთ შესაძლებლობა, მანქანით გადაადგილდნენ.