”მზად ვართ, რომ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ქმედება”- ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ მზად ვართ, რომ ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ის ქმედება, რომელიც პროკურატურამ ინკრიმინირებული სახით წარუდგინა. რაც შეეხება სურს თუ არა მას ამ პატიების მიღება, ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის, ვინაიდან ეს არის შეთანხმების საგანი. შესაბამისად, ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ და გამოვცემთ ამნისტიის აქტს.
თუმცა, ფაქტია, რომ ნიკანორ მელია უარს ამბობს ევროკავშირის შეთავაზებაზე, მის სასარგებლოდ გადახდილი იქნას გირაო და მე არ გამოვრიცხავ ასევე, იმ მოტივით, რომ რაში სჭირდება მას ქართული ოცნების წყალობა, ასევე უარი თქვას ამნისტიის აქტზე. თუმცა, ჩვენ დავიცავთ შეთანხმების ყველა პირობას.შეთანხმებაში წერია, რომ ეს ამნისტიის აქტი შეეხება 19-20 ივნისის მოვლენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს თანაბრად შეეხებათ და იქნებიან ამნისტირებულები“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.