რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება უბარიერო საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია მზად არიან, პარლამენტში მივიდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.
“რესპუბლიკური არის წარმოდგენილი 2 მანდატით, ჩვენ ვრჩებით ჩვენი კოლეგების გვერდით, ვამბობთ, რომ ამ მანდატებს არ გამოვიყენებთ და კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, გააუქმოს ჩვენი მანდატები. როცა გვესმის მეორე მხრიდან, ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში თუ სხვა პარტიები მზად იქნებიან, შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსია გამართონ, აქ მინდა, მათ მივმართო, რომ წინაპირობებით არ უნდა ელაპარაკებოდეს ხელისუფლება დღეს ოპოზიციას.
თუ ის ბედავს და მზად არის, შემოგვთავაზოთ ჩვენ უბარიერო პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, რესპუბლიკელები მზად ვართ, ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს 3 მოსმენით, მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა”,– ამბობს სამნიძე ტვ პირველის ეთერში.
ცნობისთვის, პარტია გირჩი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ისინი პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ ხელისუფლება ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ არჩევნებს მხარს დაუჭერს.