“მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის “- ასე პასუხობს, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი რიონის ხეობის მცველებს. რიონის ხეობის მცველებმა, დავითაშვილისგან, ნამახვანჰესის გარშემო არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა და დიალოგი მოითხოვეს.
“მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის, თუმცა თქვენ იცით, რომ საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასდროს ვერ იქნება. საჭიროა ექსპერტების მოსმენა და იმ ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება, რომელიც სპეციალისტებს გააჩნიათ. საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის გავხსენით პლატფორმა, რომელშიც მათაც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება მთავრობის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად, თუმცა, სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველებისგან ჩვენ ვერ დავინახეთ აქტივობა და ენთუზიაზმი, ამის მიუხედავად, ეს პლატფორმა კვლავ არსებობს და ვთხოვდი, რომ იქნებ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და არა ის, რომ დავსხდეთ პირისპირ და მხოლოდ ჩვენ ვისაუბროთ, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ, რომ მათ პირადადაც დაველაპარაკო გულწრფელად და ღიად. თუმცა, თუ რეალურად გვაინტერესებს პასუხები უსაფრთხოებაზე, გარემოს ზემოქმედებაზე, ტარიფებზე, ეკონომიკაზე და ა.შ. აქ უპრიანია, რომ დავსხდეთ კონკრეტულ სწორ ფორმატში, სადაც ექსპერტები არიან მონაწილეები და ასევე ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფებათ მედიაცია და ნეიტრალური როლის თამაში. ეს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება. რაც შეეხება ენკას, ეს საკითხი საკმაოდ რთულია, მათ თავისი პრეტენზიები გაააჩნიათ, ისინი მუშა პროცესში შეფერხდნენ. კომპანიას წინადადებებიც აქვს, თუმცა ჩვენ რაღაცებს შეიძლება ვითვალისწინებდეთ და რაღაცებს ვერა. ეს იქნება სამართლებრივი პროცესი და შემდეგ გვეცოდინება დეტალები”. – თქვა ლევან დავითაშვილმა.