მზად ვარ, უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი, თუ საჭირო იქნება მშობლებიც – ეპისკოპოსი მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) აცხადებს, რომ მზად არის უკრაინიდან 30 ბავშვი შეიფაროს და თუ საჭირო იქნება მათი მშობლებიც. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში არსებულ მოვლენებს. რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრ არასრულწლოვანს დააკარგვინა მშობელი, ბევრისა კი ახლაც ფრონტის ხაზზეა და იარაღით იცავს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ შვილებს, თავისუფლებას.

ღვთის მადლით, ეპარქიაში მაქვს საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი (თუ საჭირო იქნება მშობლებიც) ვუზრუნველყო ისინი საცხოვრებლითა და ყველა სხვა აუცილებელი პირობებით და დავიტოვო ჩემთან მანამ, სანამ უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში სპეციალური ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც ამგვარ საკითხებს კურირებენ. გთხოვთ მიაწვდინოთ მათ ჩემი ხმა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს ამ ბავშვების ომის ქარ-ცეცხლიდან გამორიდება და საქართველოში ჩამოყვანა, ჩვენ კი მოგვეცეს საშუალება ჩვენი ადამიანური, მწყემსმთავრული და ქრისტიანული მოვალეობების აღსრულებისა.” – წერს ეპისკოპოსი მელქისედეკი.