სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი პასუხობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას და მასთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს. გოგაშვილის თქმით, ადგილს თავად შეარჩევს.
“გამომეხმაურა 4-დან ერთი. კარგია ეს, თუ გამბედაობაა და არა სხვა რამე… დარტანიანი 2 წელია სათოფეზე არ მეკარება და ის ორი მუშკეტერი ამ კუთხით დუმს. ჯერჯერობით.
“ბრალდებულო” ცერცვაძე, “დაზარალებული” გოგაშვილი მზადაა შესახვედრად. (ორჯერ აცრილი, კოვიდგადატანილი და ბუსტერის მოლოდინში მყოფი). კარგად მომზადებული, მოკლული ოჯახის წევრების, თუ უცნობი ადამიანების ინტერსების დამცველის ფუნქციით. ეპიდემიის მართვის პერიოდში გარკვეულ პირთა ჯგუფების მიერ ჩადენილი მთელი რიგი მძიმე დანაშაულების მტკიცებულებათა დასტით.
შეხვედრის ორი ფორმაა – ღია, საჯარო, სადაც, თუ გსურთ, ის ორიც დაისწარით (მთავარი იმალება), ან დახურული. რადგან თქვენ არ ძალგიძთ და ვერ უზრუნველყოფთ შეხვედრის უსაფრთხო გარემოს, ამიტომ ადგილს მე შევარჩევ ყველა შემთხვევაში. Честь имею сударь!”,– წერს გოგაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი თენგიზ ცერცვაძის ინტერვიუს Facebook–ზე გამოეხმაურა, სადაც ცერცვაძე ამბობს, რომ “შეცდომები იყო” და “პანდემიის მართვა ხელიდან გაექცათ”, მაგრამ “არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა”. გოგაშვილმა იმნაძე-ცერცვაძე-გამყრელიძეს მიმართა და ჰკითხა, “შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე რომ შეეწირა, პასუხისმგებელი ვინაა”.
მას ცერცვაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა და “შეურაცხმყოფელი ფორმით” მოხსენიების გამო შეხვედრა სთხოვა.