ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე სალიხ შაინიძეს ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე უნდა განეხილა, კერძოდ, ბათუმში, შსს-ს შენობის ღობეზე სტიკერის – “იფიცება საქართველო” – გაკვრის ფაქტი.
მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის პროცესზე დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა, ადვოკატების თქმით კი, სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია ამაღლობელს და მის ადვოკატებს საერთოდ არ მიუღიათ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.