“მზია ამაღლობელის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში მოკლე დროში გაიგზავნება ” – ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლოს მიმდინარეობისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვა ახლა იწყება, მზია ამაღლობელის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში მოკლე დროში გაიგზავნება. რაც შეეხება ჩვენს ახლანდელ შუამდგომლობას 2 პოლიციელის დაკითხვაზე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სანამ გამოაცხადებდით გადაწყვეტილებას მედიასთან, გამოვიცანით რა გადაწყვეტილებას გამოიტანდით, დიდი გამჭრიახობა ამას არ სჭირდება.
სხვა არაერთ გარემოებაზე ვისაუბრებთ ამ საქმეზე, სადაც ჩანს, სისტემა მისი არაერთი შტოს მონაწილეობით როგორ მუშაობს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი იყოს ტყვე და არა პატიმარი!
ბათუმის სასამართლო, დაწყებული წინა სასამართლოდან ამ სასამართლოს ჩათვლით მუშაობს, რათა დაცვას გამოაცალოს მტკიცებულებები, საპროცესო საშუალებები, რაზე დაყრდნობითაც დავასაბუთებთ, რომ მზია ამაღლობელის ბრალდება მანიპულირებულია და არაფერი აქვს საერთო სამართალთან. ჩვენ სასამართლოზე მაინც მოვახდენთ იმის ილუსტრირებას, რომ ბრალდება არის მანიპულირებული ამ საქმეში“,- აღნიშნა მწარიაშვილმა.