მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს  დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უკვე 16 დღეა შიმშილობს.

ამაღლობელის შიმშილობის მე-16 დღეს, პენიტენციური სამსახურს ამ დრომდე არ გაუვრცელებია არანაირი ინფორმაცია, თუ  როგორ არის რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერი.

”უკანონო პატიმრობაში მყოფი, “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელმა, საიას თავმჯდომარესთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას.

საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს.

ამასთან, საია მიმართავს:

  • საქართველოს პროკურატურას – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

საზოგადეობას შევახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა.”- ნათქვამია განცხადებაში.