ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მან ჟურნალიტს წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის 7-თვიანი საქმის განხილვა დასრულდა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის საფუძველზე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.