მთავარია, არ იყოს ბევრი შემთხვევა, 10, 14 და 20 მართვადია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ არსებული კლასტერების იზოლირება დროუალად მოხერხდა, ინფიცირებულთა რაოდენობა დაიკლებს.

„თუ მოვერიეთ და ჩავაქრეთ, რაც გვაქვს ახლა ყარაჯალარში, გაჩიანის მუნიციპალიტეტში, ლილოში, თუ მასიურად გამოვიკვლიეთ ეს ადამიანები და დროულად მოვახერხეთ ინფიცირებულების იზოლირება, რა თქმა უნდა, მერე დაიკლებს. იცით, რომ ინტენსიურ კვლევებს ვაწარმოებთ. გუშინ დაახლოებით 500-500 ბიოლოგიური სინჯი იქნა ორივეგან აღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ IPN–თან.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა პროგნოზირებადი იყო და არსებული ვითარება ჯერჯერობით მართვადია.

„ეს პროგნოზირებადი იყო. იცით, მეტია ფრენები, ურთიერთობები, ტვირთი უნდა შემოვიდეს ხომ ქვეყანაში და ერთ-ერთი ძირითადი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლებია. ეს ჩვეულებრივად არის შედეგი შემსუბუქების და მობილობის ზრდის, რომელიც პროგნოზირებადი იყო. მთავრია, რომ ჩვენ ამას ყველაფერს ვაკონტროლებთ, მართვის ქვეშ არის. მთავარია არ იყოს ბევრი შემთხვევა, 10 , 14 და 20 მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით და ნიშანია იმის, რომ ინფექცია არის და ცირკულირებს ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსით 1131 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 920 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.