”მთავარი”გაჩერდა გვარამიას მითითებით და გაბუნიას თვითნებური გადაწყვეტილებით – ოქუაშვილი

“მთავარი არხის მაუწყებლობის შეჩერებასა და ამ განცხადების გავრცელებას წინ უძღოდა მთავარი არხის შემოთავაზება, რომ საწყისად 1 მილიონს გადაიხდიდნენ, სანაცვლოდ, ჩემგან წარდგენილ დირექტორ გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ბანკსა და პროკურატურაში უნდა განეცხადებინა, რომ გაერკვა სიტუაციაში  და აღარ ფიქრობს, რომ არხზე დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი. ამასთან, გიორგი ქურდაძეს ხელი უნდა მოეწერა მათ მიერ შედგენილ კანონგარეშე დოკუმენტებზე. უარის შემთხვევაში ჩემს საწინააღმდეგო კამპანიას ახალი ძალით ააგორებდნენ.

ჩემი, როგორც დამფუძნებლის მოთხოვნა დღესაც უცვლელია: შეჩერდეს მთავარ არხზე მიმდინარე კანონგარეშე ფინანსური ოპერაციებით თანხების მიტაცება, თაღლითობა, ფულის გათეთრება, შეიცვალოს გენერალური დირექტორი და ამ პოზიციაზე გიორგი გაბუნიას ნაცვლად პროფესიონალი  და საზოგადოებისათვის სანდო პიროვნება აირჩეს. ნიკა გვარამიას მხრიდან მთავარი არხის გენერალური დირექტორის პოსტზე დასახელებული მისი მეუღლე სოფო ლილუაშვილი ჩემთვის არ არის მისაღები.

ტელეკომპანია მთავარმა არხმა შეუფერხებლად და კანონიერად უნდა განაგრძოს მუშაობა.

არხის არაფორმალური მმართველის ნიკა გვარამიას მითითებით, კანონმდებლობისა და მთავარი არხის წესდების სრული დარღვევით თვითნებურად გაჩერდა მთავარი არხის მაუწყებლობა, რაც ჩემი იურიდიული გუნდის –  ბრიტანელი და ამერიკელი ადვოკატების – სამსჯელო გახდება” – ნათქვამია განცხადებაში.

15 თებერვლის დილის შემდეგ, მთავარი არხის პირდაპირი ეთერის ტრანსილირება შეჩერებულია. ტელეკომპანიის განცხადებით, “თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული”.

“ამ დროისთვის მთავარი არხის ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად”

აცხადებს ამის შესახებ, ზაზა ოქუაშვილი.