“მთავარი არხის მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ “- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ავთო ბილანიშვილის იგივე “კაწროს” მეუღლე, გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” თერში ეკა კვესიტაძის “მთავარ აქცენტებს ”. გადაცემაში ნიკა გვარამიამ იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ განვითარდა შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს და მისი ვარაუდით საქმეში სწორედ “კაწრო” ფიგურირებს.
“ჟურნალისტიკის არსი ფაქტის გამოვლენა და ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა, მაგრამ რა ჟურნალისტიკაზე და გადამოწმებაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საქმე მთავარ არხს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ეხება. ჟურნალისტებსაც არ ვუწოდებ მათ, ვინაიდან არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ამ პროფესიის ღირსეულ წარმომადგენლებს, ვინც მართლა სიმართლეს ემსახურება და არა სიცრუის და ჭორების გავრცელებას.
უკვე ერთ კვირაზე მეტია მთავარი არხის მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ. ყოველგვარი მტკიცებულების და დასაბუთების გარეშე ისინი ცდილობენ დაუკავშირონ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგედიას, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო.
და აი, ამ ამბავს რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებ, აქ უკვე ამ არხის თანამშრომლებს ადამიანებსაც ვეღარ ვუწოდებ.
ჩემი მეუღლე იმიტომ შეიძლება იყოს დაკავშირებული თურმე ამ ამბავთან, რომ ცხოვრობს “ნახალოვკაში”, ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს ავთო ბილანიშვილთან. ალბათ ხვდებით, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე.
ეს არხი ყოველდღიურად არაერთ ადამიანს აზარალებს ჩემი ოჯახის მსგავსად. ამაში ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მათი დეზინფორმაცია ჩვენც შეგვეხო. ადვილია იმის თქმა, – “შენ ხო იცი მაგათ არავინ არ უყურებს”, ყველამ იცის ესენი რომ მატყუარები არიან” “მაგათ არაფერი დაეჯერებათ” და აშ. მაგრამ მე მყავს ოჯახში მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მისვამს კითხვებს და ავადმყოფი დედამთილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ადამიანი რამდენიმე დღე ლოგინად იყო ჩავარდნილი. არავინ ფიქრობს ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება მოყვეს!
მთავარის მთავარი არსი ხომ სწორედ იმაშია, რომ შექმნას ტყუილი, ამ ტყუილით მოახდინოს მოკლე და იაფფასიანი ეფექტი საკუთარ მიმდევრებზე, რომ შემდგომ მათ მეთაურს ქონდეს ჭორაობის, ლანძღვის და გინების საფუძველი გადაცემებში.”- წერს ავთო ბილანიშვილის მეუღლე.