“მთავარი ნაბიჯი გადადგმულია”- მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი და განსახილველად ემზადება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის საჩივარი სისხლის სამართლის ორ საქმეს ეხება – ერთი ვალერი გელაშვილის ცემის, მეორე კი შეწყალების საქმეს.
შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი “მთავარ არხთან” საუბრობს.
”მე ვარ სპეციალისტი ამ კონვენციის, იმიტომ რომ თავის დროზე ვიყავი პირველი აღმოსავლეთ ევროპელი, რომელმაც მიიღო დიპლომი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან არსებულ საგამოძიებო კომისიაში, ადამიანის უფლების სამართალში. აქედან გამომდინარე, მე ზუსტად ვიცი, რატომ დასჭირდა ამდენი წელი ამ ყველაფრის წარმოებაში მიღებას – იმიტომ რომ უნდა ამოწურულიყო შიდა დაცვის ყველა საშუალება. ახლა მთავარი ნაბიჯი გადადგმულია, საქმე მიღებულია წარმოებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ორი კატეგორიის ხალხსი არსებობს საქართველოში – ერთი, ვინც იცის, რომ თავიდანვე ეს საქმეები იყო ბლეფი, ყალბი და არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მეორე, ვინც გულის სიღრმეში მაინც იცის, რომ საქმეები მთლიანად ფუყეა, უსამართლოა, მაგრამ იმდენად უნდა ჩემი მოშორება, რომ მზად არის, ამ უსამართლობაზე დახუჭოს თვალი.
ეს მეორე კატეგორია აბსოლუტურ უმცირესობაშია, მიუხედავად იმისა, როდის გამოიტანს სტრასბურგი საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გადაწყვეწტილებას და მე მაქვს სიმართლის დაგენის იმედი. ბოლო გადაწყვეტილებების და სიმართლის დადგენის შემდეგ და მე ყველანაირად ვიქნები ჩვენი ხალხის გვერდით ამ გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენი ბრძოლის. ვინაიდან ახლა ჩემ პირად საქმეზე, ჩემ უსაფრთხოებაზე და სიცოცხლეზე მაღლა დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სარჩელებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გასულ წელს მიმართა. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისგან კომპენსაცია არ ითხოვს და მას უბრალოდ სურს დადგინდეს სიმართლე სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ აღძრული საქმეები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ამბობს, რომ მე-18 მუხლისა და მე-7 მუხლის ერთობლივად განხილვა იშვიათია. შესაბამისად, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მე-18 და მე-7 მუხლის დარღვევა დადგინდება, ეს სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება.