“მთავარ არხზე” გასული სიუჟეტი ცილისმწამებლურია – გამოცდების ეროვნული ცენტრი

გამოცდების ეროვნული ცენტრი, გუშინ მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს ეხმიანება და წერს, რომ მასში გაჟღერებული ინფორმაცია გადაუმოწმებელი და ცილისმწამებულურია.

სიუჟეტში საუბარია ანტისანიტარიაზე, რომელიც საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტებს დახვდებათ. ერთ–ერთ ასეთ საგამოცდო ცენტრად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, მესამე წელია ტექნიკურ უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდები აღარ ტარდება.

“გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარზე“ გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტს.

უკვე მესამე წელია ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდები აღარ ტარდება. ტელეკომპანია „მთავარი“ კი აცხადებს, რომ აქ განთავსებულია საგამოცდო ცენტრი, სადაც ანტისანიტარიაა!

სამწუხაროა, როდესაც მედიასაშუალება ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს. კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც დეზინფორმაციას ავრცელებს ის არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელსაც თავად ევალება სტუდენტების უფლებების დაცვა”,– წერს გამოცდების ეროვნული ცენტრი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.