ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ თვითდასაქმებულები 5 თვის განმავლობაში შიმშილისთვის გაწირა, რათა შემდეგ წინასაარჩევოდ ქულები ჩაეწერა.
“ევროპული საქართველო თავიდანვე ითხოვდა, რომ დახმარება მიეღო ყველა თვითდასაქმებულს და აკრიტიკებდა ხელისუფლებას, როდესაც მან შემოიღო დისკრიმინაციული და უაზრო მოთხოვნა დოკუმენტაციის თაობაზე. ამ მოთხოვნის უაზრობა თავიდანვე ნათელი იყო, ამიტომ, გადაწყვეტილება, რომ ყველამ მიიღოს დახმარება, რა თქმა უნდა, სწორი ინიციატივაა, ოღონდ პრობლემა სხვა რამეაშია – ხელისუფლებამ 5 თვის მანძილზე შიმშილისთვის გაწირა თვითდასაქმებულები, რომ შემდეგ წინასაარჩევნოდ ქულები ჩაეწერა”, – თქვა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მიუღებელია, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ხალხის გაჭირვებას იყენებს.
“ინიციატივა, რომ თითოეულ ადამიანს მეტად დაეხმაროს მთავრობა, სწორია, ეს არის ის, რასაც ევროპული საქართველო თავიდანვე ითხოვდა. მაგრამ, არასწორი და მიუღებელია, როდესაც მთავრობა ადამიანების გაჭირვებას იყენებს საკუთარი წინასაარჩევნო მიზნებისთვის და ადამიანებს ეხმარება არა მაშინ, როდესაც მათ უჭირთ, არამედ მაშინ, როდესაც მათგან ხმები სჭირდება”, – ამბობს ბაქრაძე.
ცნობისთვის, მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.
გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.
მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.