მთავრობამ Air France-ს თბილისსა და პარიზს შორის კვირაში ორჯერ ავიამიმოსვლის უფლება მისცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, Lufthansa-ს შემდეგ საქართველოს მთავრობამ Air France-ს აგვისტოდან თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლის უფლება მისცა.

როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ავიაკომპანია რეისს კვირაში ორჯერ შეასრულებს.

“იცით, რომ გერმანიასთან Lufthansa–ს მეშვეობით მოლაპარაკება შედგა და მან გამაოქვეყნა ფრენების განრიგი და გაყიდვა. დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და დავუდასტურებთ Air France-ს, რომ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს, მათ შეეძლებათ კვირაში ორი სიხშირით დაიწყონ შარლ დე გოლის პარიზის აეროპორტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა”, – განაცხადა თურნავამ.

მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს Air Baltic-თანაც თბილისსა და რიგას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.