მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ – ECR

ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი(ECR), “ქართულ ოცნებას” საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “პოლიტიკური რევანში” არ არის ის გზა, რომელსაც ხელისუფლება უნდა ირჩევდეს.

“მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა, დაბრუნებულიყო ქვეყანაში. მის წინააღმდეგ მმართველი პარტიის ბრალდებები უსაფუძვლოა. მოსახლეობას თავისუფლად უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება. პოლიტიკური ლიდერები თავისუფლად უნდა დებატობდნენ პოლიტიკურ საკითხებზე და არა ციხიდან გამოგზავნილი წერილებით.

მიხეილ სააკაშვილს შთამბეჭდავი მიღწევები აქვს, როგორც საქართველოს რეფორმატორის, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დააყენა. ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის პრო-ევროპულ და პრო-ტრანსატლანტიკურ პოზიციას  საქართველოში ავტორიტარული რუსეთის შეჭრა მოჰყვა, რომელიც შეეცადა, გაენადგურებინა დემოკრატიული გაზაფხული ამ ქვეყანაში.

ECR-ის ჯგუფი შეგახსენებთ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება მშვიდობიანად დათმო და ეს იყო პირველი შემთხვევა პოსტ-საბჭოურ საქართველოში. ჩვენ ძლიერ გვწამს, რომ პოლიტიკური რევანში არ არის ის გზა, რასაც მმართველი პარტია უნდა ირჩევდეს განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სააკაშვილის მთავრობის სხვა ოფიციალური პირების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლებიც  პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდა.

ECR ხელისუფლებას მოუწოდებს, რათა მოუხსნან ბრალდებები სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან”. – წერია განცხადებაში.