პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რატომ მიმართმა მთავრობამ პარლამენტს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, საგანგებოს გარეშე გაატაროს შემზღუდავი ღონისძიებები.
გახარიას თქმით, შეზღუდვები გვჭირდება, თუმცა არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, ამიტომ მივმართეს პარლამენტს.
,,ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ ჩვენი გაუაზრებელი, სწრაფი და ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ აღორძინების საქმეს შევიყვანთ რისკის ქვეშ. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რათა ეს შეზღუდები იყოს გონივრული, ეფექტური და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული”,– განაცხადა გახარიამ.
მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შევა.
ცნობისთვის, ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.
პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.
მისი ერთ–ერთი ინიციატორის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ,,სპეკულაციები უადგილოა, ეს კანონპროექტი და ინიციატივა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას”.