ადვოკატი აქვეყნებს ახალგაზრდა კაცის წერილს, რომელიც ნამოხვანში, მდინარე რიონში 10 აპრილს გაუჩინარდა.
“ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაო, საახლობლო, სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი, გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს”, – წერია ნიკა ანთიძის მესიჯში.
ადვოკატის განცხადებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტრაგიკული შემთხვევის დროს ის თითქოს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
“ვინაიდან შევისწავლეთ შემთხვევის ადგილი, აქციის მონაწილეების, ორგანიზატორების და კარვებში მცხოვრებ პირთა ცხოვრების წესი და ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კარვებს ტერიტორიაზე არმცთუ ალკოჰოლი, სიგარეტის მოხმარებაც აკრძალულია.
მან ტრაგიკულ ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა გამოსამშვიდობებელი წერილი მობილურში, მესენჯერის საშუალებით, რომელსაც ვასაჯაროვებთ, ასევე, ნიკა ანთიძის ოჯახი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს, მისი ოჯახის ამ მძიმე ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური ნიშნით”, – თქვა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.
მისივე განცხადებით, გაუჩინარებული ნიკა ანთიძის ოჯახი საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს თხოვნით მიმართავს, მათი ოჯახის მძიმე ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური ნიშნით.
ცნობისთვის, ნიკა ანთიძის სამძებრო სამშაოების გამო 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა იგეგმება. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.