ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს.
კაპანაძის თქმით, რაც უფრო ნაკლები საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი აღწერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებს, მით უკეთესია საქართველოს ხელისუფლებისთვის.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს. წინა არჩევნების პრაქტიკით ვიცით, რომ ზოგჯერ რამდენიმე ათასი დამკვირვებელი ჩამოსულა, ხოლო ეუთოს პრაქტიკაა, რომ რამდენიმე ასეულ დამკვირვეველს აგზავნის და ცდილობს, მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი აქ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის შეექმნას შეფერხება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე, რომ ისინი იმალებიან ე.წ. კრიზისის, პანდემიის უკან და იმედოვნებენ, რომ დამკვირვებლების რაოდენობა შესაბამისად, მცირე იქნება”,- ამბობს სერგი კაპანაძე.
ევროპული საქართველო მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან დამკვირვებლების საქართველოში შეფერხების გარეშე შემოსვლა: “აქ იგულისხმება დამკვირვებლებისთვის კარანტინის მოთხოვნის გაუქმება და მათთვის შემოსვლის გამარტივება”. ასევე, “ხელისუფლებამ ვალდებულება უნდა აიღოს იმისათვის, რომ დამკვირვებლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაზღვევას შეუქმნის”.