საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია “ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტოს” ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
შესყიდვის ღირებულება 1 მილიონი ლარია.
უწყება საკონსულტაციო მომსახურებების შეძენას გეგმავს. კერძოდ, საუბარია იურიდიულ ფირმა White & Case-ზე, როტერდამის საკონსულტაციო ცენტრსა და კომპანია MTBS-ზე. აღნიშნულ კომპანიებთან ანაკლიის განვითარების სააგენტო წინა წლებშიც თანამშრომლობდა.
“მიზანშეწონილია, რომ სწორედ მსგავსი საერთაშორისო გამოცდილების კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშორისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “საკონსულტაციო ჯგუფმა, რაც შეიძლება მცირე დროში უნდა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის“.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელები შეაქვთ.