” ხელისუფლება არის პროვოკაციული იმისთვის გამოიწვიონ ენმ-ი და შემდეგ უფრო დიდი ძალისმიერი გზებით ჩაახშონ ” – ასე ეხმაურება, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს. მისი თქმით, სააკაშვილის გადაყვანა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმ ფორმით, როგორც ეს მოხდა არათუ სიტუაციის დეესკალაციისკენ იყო მიმართული, როგორც ეს სასურველი იქნებოდა, არამედ პირიქით, ვითარების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას უწყობდა ხელს. მან ამის შესახებ ფონდ “თავისუფალი რუსეთის” სამხრეთ კავკასიის ბიუროსა და “სასაზღვრო ზონის” დირექტორის ეგორ კუროპტევის მედია პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„როგორც ჩანს, მთავრობის მხრიდან არ არსებობს რაიმე მცდელობა სიტუაციის დეესკალაციისა და პირიქით, ყოველდღიური მათი რიტორიკაცა და ქმედებებიც მიუთითებს, რომ ისინი დაძაბულობის გამწვავებას ცდილობენ. ნებისმიერი განცხადების ან გამჭვირვალობის მცდელობის გარეშე სააკაშვილის გადაყვანა არა იმ დაწესებულებაში, სადაც ომბუდსმენი და კონსილიუმის წევრი ექიმები ითხოვდნენ, არამედ სხვა, ციხის დაწესებულებაში, იყო რა თქმა უნდა, ძალიან დიდი უარყოფითი სიმბოლიზმით სავსე, მით უმეტეს 2012 წლის ციხის ცნობილი კადრების შემდეგ. ეს ჩანს, როგორც მისი დამცირების კიდევ ერთი გზა მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ის თითქოსდა ჭამს, ომბუდსმენის თქმით კი, ის სამედიცინო მინერალებს იღებს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე”, – განმარტავს იან კელი.
ყოფილი ელჩი, რომელიც დიპლომატიურ მისიას ქვეყანაში 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ მთავრობის ქმედებები პროვოკაციულია და მის პროდასავლურობასაც ეჭვქვეშ აყენებს.
”ეს წარმოშობს ძალიან ბევრ ეჭვს იმის შესახებ, თუ რა არის მთავრობის საბოლოო მიზანი და ჩემთვის ეს ისე ჩანს, რომ ბევრი მათი ქმედება არის პროვოკაციული იმისთვის, რომ გამოიწვიონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისეთი რეაქცია, რომელსაც შემდეგ უფრო დიდი ძალისმიერი გზებით ჩაახშობენ. და ძალიან კეთილად, მსუბუქად რომ ვთქვა, ნამდვილად მიუღებელი რამაა ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ ჯგუფის ძალადობისკენ პროვოცირება”- ამბობს იან კელი