“მთავრობა თვითიზოლაციაში რომ იყოს, უკეთესი შედეგები იქნება “- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ორ დღეში 2000 შემთხვევა, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე იყო იტალიაში თავის დროზე, როცა მსოფლიოში ყველაზე დიდი გავრცელება იყო ამ ქვეყანაში. სად არის ეს 2000 კაცი ვიცით? არიან კი სახლებში? ახლა მითხრა ნაცნობმა, რომ ახლობელს დაუდასტურდა თურმე კორონავირუსი, არის უსიმპტომო, არ აქვს სიცხე და წავიდა კახეთში, რთველში და ამ 2000 ადამიანის კონტროლს ვინმე ახორციელებს? თუ თვითშეგნებაზეა დამოკიდებული ეს?
რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. ბუნებრივია, თუ მთავრობასთან ჰქონდათ კონტაქტი, მთავრობა უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, არავის მთავრობაში ამ ვირუსს არ ვუსურვებ, მაგრამ ნებაყოფლობით, ჯანმრთელები თუ წავლენ თავად და იქნებიან იზოლირებულნი, უკეთესია ქვეყნისთვის, რადგან მათი ნაბიჯები უარესია, ვიდრე სიკეთის მომტანი. რომ არ გვყავდეს მთავრობა ხალხი უკეთესად მოახდენს თვითორგანიზებას, რადგან გვყავს მთავრობა, რომელმაც 5 მილიარდი დახარჯა და საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით. როგორ არის იცით? ფეხბურთელს რომ შემოუშვებ მოედანზე და მერე თავში ხელს რომ ირტყამენ, ნეტა, არ შემოსულიყო და მჯდარიყო იქ, ათი კაცით ჩამთავრებულიყო უკეთესი იქნებოდაო. ნეტა არ გვყავდეს მთავრობა და იყოს თვითიზოლაციაში, შედეგები იქნება უკეთესი“, – განაცხადა გოცირიძემ.