“მთავრობა მართლმსაჯულებას იყენებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის”- ასე ეხმაურება, ამერიკელი ანალიტიკოსი დევიდ სმიტი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს. ამის შესახებ სმიტმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩემი აზრით, აქ ორი მომენტია. პირველი ადამიანური ფაქტორი – როდესაც ადამიანი საფრთხეშია ყველამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური საუბარი და გაკეთდეს ის, რაც საჭიროა პირველ რიგში. არსებობს მთავრობის მიერ დანიშნული ექიმების საბჭო, რომელმაც განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი კარგად აღჭურვილ საავადმყოფოში, ანუ ისეთში, სადაც ასეთი პაციენტის სამკურნალო ყველა პირობა იქნება. ასე რომ, სუფთა ადამიანური გაგებით ასეა.
მეორე საკითხი ის არის რომ, მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, ის პოლიტიკური პატიმარია და სიტუაცია, ამის გამო არის ძალიან რთული.
შეიძლება მას ვინმე არ ეთანხმებოდეს რამეში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანი უჭერს მხარს და ამ სიტუაციიდან ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, რომ ის ციხიდან გამოუშვან და მისცენ საშუალება პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა” – აცხადებს დევიდ სმიტი .