მთავრობა რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს დაასუბსიდირებს

მთავრობა რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ,  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით  მთავრობა სარესტორნო ბიზნესისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს 6 თვით დაასუბსიდირებს. დღეს, 3 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მანვე განმარტა, რომ სუბსიდირების პროგრამას სააგენტო “აწარმოე საქართველოში” განახორციელებს და ამისათვის, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა ბიუჯეტიდან.

“რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას, ეს არის სესხის და ლიზინგის სუბსიდირება. განაცხადების მიღება დაიწყება ხვალ, რადგან სარესტორნე ინდუსტრია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.ხვალიდან დავიწყებთ, ჩვენ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ბანკებიდან განაცხადების მიღებას. მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ მიაკითხონ კრედიტორ ბანკებს. ამ პროგრამის მეშვეობით, თითქმის სრულად, საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს რესტორნები უახლოესი 6 თვე ვერ იგრძნობენ. ამ მოთხოვნას აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და აღნიშნა, რომ დახმარებით, სულ მცირე, 1500 დაწესებულება ისარგებლებს.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ამ სფეროში მომუშავე ასი ათასობით კადრი სამსახურის გარეშე დარჩა.

“თუ 100-დან 10 რესტორანი მაინც გაიხსნება ხელახლა, ეს იქნება ტაშის დასაკვრელი, უნდა გაგვიხარდეს. ლოკდაუნის შემდეგ რესტორანი რომ გაეხსნათ, საოპერაციო თანხები ისესხეს, მაგალითად, ხომ უნდა ვიყიდოთ პროდუქცია, რომ როდესაც მობრძანდებით, რაღაც საჭმელი გაჭამოთ. საშუალოდ, რესტორანზე 30-35 ათასი ლარია [საოპერაციო თანხა]. მაგალითად, ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა რესტორატორმა, 30 ათასი ლარი რომ ესესხა ბანკისგან, 45 ათასი დოლარის ქონება ჩადო ამისთვის. უკვე ბანკებიც აღარ გვენდობიან”, – ამბობს ლევან ქოქიაშვილი.