მთავრობის გადადგომა, რუსეთისთვის ცის ჩაკეტვა, განაცხადი EU-ში – ოპოზიციის მოთხოვნები

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციას სამი მოთხოვნა აქვს – მთავრობის გადადგომა, რუსეთისთვის ცის ჩაკეტვა და ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანა. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი, პარტია შევთანხმდით, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული მოთხოვნები, რომლის მიღწევასაც ყველა ერთად მოვითხოვთ და აუცილებლად მივაღწევთ.

პირველი — წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული ოცნება ჩვენ არ წარმოგვადგენს, ამიტომ უპირველესი მოთხოვნა არის მისი წასვლა და ის სირცხვილი, რომელიც მან მოსცხო საქართველოს, ჩვენს ისტორიასა და ჩვენს მომავალს, ჩვენი ჩამოსარეცხია. ის აუცილებლად უნდა წავიდეს. ის აუცილებლად აღარ უნდა წარმოადგენდეს ჩვენს ღირსეულ ხალხს.

ამის შემდეგ ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას და რეალურად ვიყოთ მათი სოლიდარულები. დავუხუროთ ცა რუსეთს, გავუხსნათ ცა უკრაინას.

მესამე — დღეს უკრაინამ საკუთარი მსხვეპლით, რომელიც 5 ღამეა ყველას გვატირებს, გახსნა შესაძლებლობები, რომ ჩვენც ყველა ერთად გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი, ეს შესაძლებლობა, რომელიც გვესიზმრებოდა და ესიზმრებოდათ ჩვენს წინაპრებს, დღეს დევს მაგიდაზე და ეს უგურები ამბობენ, რომ არ გვინდა, ამიტომ მესამე მოთხოვნაა ამათი წასვლისთანავე საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი”,– თქვა ხოშტარიამ.