მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით თავისუფალია – ღარიბაშვილი გახელაძეზე

მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში, ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა გახელაძე თავისუფალია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში, ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

„მადლობა ზაზას, პირველ რიგში, ამ გმირ კაცს, ვაჟკაცს! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის და პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში; ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი! მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მადლობა პატრიარქს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის დედას, მამას, მეუღლეს და მის შვილებს, რომლებიც ელოდებიან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.