ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციაზე მის გადადგომის მოთხოვნას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს მხოლოდ პრემიერის პრეროგატივაა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა ნელ-ნელა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე ისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან.
მიუღებელია ჩვენთვის ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება, ეს არის პრემიერ- მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა”,– ამბობს თურნავა.
მისივე განცხადებით, მოწოდებები, რომ ნამახვანჰესის პროექტი უნდა ჩაიშალოს, ეს არ არის მათი ლექსიკა.
„მათ შორის არის ხელახალი კვლევების გადახედვა და მანამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევა, არდაწყება, ეს არის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, მეტი ჩართულობა როგორც ამ ფონდის მართვის, ისე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში და ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდაც ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე.
ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რათა ჩაერთონ, გააკეთონ ამ პროექტის რევიზია, გადაამოწმონ ის კვლევები, რაც უკვე გაკეთებულია. ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი და ასეთი მოწოდებები, რომ ჩაიშალოს, გავაგდოთ ინვესტორი, გაჩერდეს, არ ავაშენოთ, ეს არ არის ჩვენი ლექსიკა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს. ჩვენ ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.