მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს აღდგენას ვგეგმავთ – კალაძე

კითბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია იწყებს ტენდერის გამოცხადებას რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენაზე.

მისი თქმით, ამ პროექტის მნიშვნელოვანი პრობლემა ადგილობრივების გასახლება იყო, რაზეც შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

“როდესაც მოვედით მერიაში და დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, პირველივე დღიდან დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. პრობლემები იყო ბევრი მიმართულებით. ამ პრობლემის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობის გასახლების საკითხი. ყველა ოჯახთან შეთანხმება მიღწეულია”, – განაცხადა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებას წელიწადნახევრიდან ორ წლამდე პერიოდი დასჭირდება.

“რაც შეეხება საბაგიროს ინფრასტრუქტურას, იქნება წრიული ტიპის, 21- გონდოლიანი. მისი საშუალებით, ერთკილომეტრიანი მანძილის დაფარვა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო საათში 1 100 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც აუცილებლობისა და საჭიროების გამო მთაწმინდის პარკში ადიან, ავტომობილებით გადაადგილება აღარ დასჭირდებათ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი ლარია.