“მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში” – ემზადება თუ არა ივანიშვილი სანქციებისთვის და ოფშორებში არსებული ქონების საქართველოში გადმოსატანად

ემზადება თუ არა ივანიშვილი სანქციებისთვის და ოფშორებში არსებული ქონების საქართველოში გადმოსატანად.

პარლამენტმა დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლითაც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში, ანუ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში ყველა შემოსავალი და სარგებელი მოგების და საშემოსავლო გადასახადებისგან თავისუფლდება. აქტივების საქართველოში გადმოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისგანაც. გარდა ამისა, 2030 წლის იანვრამდე საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივებთან დაკავშირებით ქონების გადასახადისგანაც თავისუფლდება.

პროექტის განხილვას და მხარდაჭერას დღეს პარლამენტში სულ 5 წუთი დასჭირდა. კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, რომ საგადასახადო კოდექსში ამ ცვლილებებით საქართველო ოფშორებში რეგისტრირებულ კომპანიებს მოიზიდავს – თუმცა, კანონპროექტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ის პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის შეიქმნა, რომელიც ოფშორებში არსებული აქტივების საქართველოში გადმოტანას აპირებს და წინასწარ მოამზადა საკანონმდებლო ბაზა, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდეს.

პროექტში ნათქვამია, რომ გადასახადებისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოფშორში რეგისტრირებულ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის და აქციების 100%–ს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფი ფლობს, რაც დიდი ალბათობით პირადად ივანიშვილზე და მის კომპანიებზეა მორგებული. პარლამენტარი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ივანიშვილი სანქცირებს ელოდება და ოფშორებში გადამალული ქონების საქართველოში გადმოტანას აპირებს.

  • ”კანონპროექტის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდებს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.
    ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობლებლად.
    ელოდება სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას”. – ამბობს რომან გოცირიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ცვლილებები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქონებას არ უკავშირდება და ის საქართველოს რუსული შავი ფულის გათეთრების ადგილად აქცევს, რაც საქართველოს საფინანსო სისტემის სანქცირებას გამოიწვევს და საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად აქცევს.

  • ”დღეს წარმოუდგენელი კანონ-პროექტის ინიცირება ვიხილეთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის “რუხ ზონებში” განთავსებული საეჭვო აქტივების “შეღავათიან ფასებში” გათეთრების დაკანონება.ვისმენ კომენტარებს, რომ ეს გაკეთდა პირადად ბიძინა ივანიშვილის აქტივების საქართველოში მუქთა ტრანსფერის ინტერესებიდან გამომდინარე.ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის – სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში.ეს ბუნებრივია საბოლოოდ ჩახერგავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას, რადგან ისინი იძულებული გახდებიან სანქციების ქვეშ მოახვედრონ მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა. შესაბამისად, ბუნებრივად ვხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი.იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ “აგენტების” კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია – ვიღაცა ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები აქ საიმედოდ იქნება დაცული…”- ამბობს გია ხუხაშვილი. 

კანონპროექტი დღეს პარლამენტის სხდომაზე მას შემდეგ გაიტანეს, რაც რუსული კანონის განხილვასთან დაკავშირებით ხმაური და კენჭისყრა დასრულდა. იმ დროისთვის დარბაზში უკვე ოპოზიციონერები აღარ იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით კანონს, რომელიც ივანიშვილმა მისი ქონების გადასარჩენად და გადასახადებისგან გასათავისუფლებლად საკუთარ გუნდს მიაღებინა, პარლამენტში ოპოზიციის რეაქცია არ მოჰყოლია.