საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 22 სექტემბრის მდგომარეობას აჯამებს და აღნიშნავს, რომ რუსები გაწვევის წარმოებისათვის და სიმშვიდის შესანარჩუნებლად რეგიონებში იყენებენ ალკოჰოლს. მთვრალ მდგომარეობაში ავტობუსებში სვამენ გაწვეულებს და ფრონტისაკენ მიაქანებენ.
”დონეცკის რაიონში ლიმანი და მისი შემოგარენი კვლავ ყველაზე ცხელ წერილად რჩება. უკრაინული არმია არამხოლოდ ქალაქის სიღრმეში უტევს რუსულ პოზიციებს არამედ ქალაქის ყველა გასავლელის გადაკეტვასა და მასში მყოფების ალყაში მოქცევას ცდილობს. აქაც, უკრაინული არმიის ტაქტიკა საკმაოდ ეფექტურია – ისინი ცდილობენ შემოუარონ რუსების მიერ გამაგრებულ პოზიციებს ლიმანის ირგვლივ და ზურგიდან მოექცნენ მათ. ლიმანის გათავისუფლებით არამხოლოდ რუსული არმიის საკმაოდ გამოცდილი ნაწილები განადგურდებიან ან უკან დაიხევენ, არამედ გზა გაიხსნება ლუგანსკის რაიონზე, უშუალოდ სევეროდონეცკისა და რუბეჟნოეს ჩრდილოეთით. გზად დასახლება იამპილია, რომლისათვისაც ბრძოლა ახლაც გრძელდება.
– დღეს რუსული სამხედრო ნაწილი დაიბომბა იენაკიევესა და იასინოვატაიაში. ორივე დასახლება დონეცკის რაიონში მდებარეობს. მათი გამაგრება და მილიტარიზაცია რუსეთმა 2014 წლიდან დაიწყო. ყველაზე დიდი პრობლემა რომელსაც უკრაინელები აწყდებიან ბაზებისა და საწყობების ადგილმდებარეობის დადგენის სირთულეა. რუსებმა ძალიან ბევრი საშუალო თუ პატარა საწყობის განთავსება შეძლეს, რომელთა შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაცაა. რუსეთი უკრაინის დასაპყრობად 2014 წლამდეც ემზადებოდა, მაგრამ 2014-15 წლებში ამ პროცესს საფუძველი ჩაუყარა და პლაცდარმი შექმნა სრულმასშტაბიანი აგრესიის საწარმოებლად.
– რუსები ბახმუტს კვლავ დიდი ძალებით უტევენ. ქალაქის ცენტრის დაბომბვა გრძელდება. დღეს განადგურდა ხიდი ქალაქში ჩამომავალ პატარა მდინარეზე. რუსების მიზანია ბახმუტი ნაწილ-ნაწილ აიღონ. მიუხედავად ამისა, ქალაქისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ მის შემოგარენში მიმდინარეობს.
– მელიტოპოლში უკრაინელი პარტიზანები თავს დაესხნენ რუსული სამხედრო ძალების მცირე ზომის დანაყოფს – მოკლეს სამი და ააფეთქეს პუნქტი.
რადგან წინააღმდეგობის მოძრაობას შევეხეთ აღვნიშნოთ, რომ ზოგადად, მობილიზაციის ფონზე ლოჯისტიკური კრიზისისას რუსული არმია უბრალო მოსახლეობის ძარცვაზე თუ გადავა უცნაური არ იქნება. თუმცა ეს წინააღმდეგობის მოძრაობას კიდევ უფრო გაზრდის.
– ხერსონის რაიონში უკრაინული ავიაცია ისევ ძალიან აქტიურია. უკრაინელები რუსულ გამაგრებულ პოზიციებს ჰაერიდან ბომბავენ.
– როგორც მოსალოდნელი იყო და ბოლო დღეები განვიხილავდით, მობილიზაცია არ იქნებოდა ნაწილ-ნაწილ, არამედ ერთიანად, ერთი დიდი მასის შესაქმნელად, მათ შორის ისეთი ადამიანებისაგან, რომელთაც არც კი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი. ასობით ასეთი ადამიანის გაწვევა მოხდა უკვე. “ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით გაწვეულები მინიმუმ მილიონი ადამიანი იქნება.
ყველაზე ინტენსიურად გაწვევა არარუსული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებს შეეხო.
გაწვევის წარმოებისათვის და სიმშვიდის შესანარჩუნებლად რეგიონებში იყენებენ ალკოჰოლს. მთვრალ მდგომარეობაში ავტობუსებში სხავენ გაწვეულებს და ფრონტისაკენ მიაქანებენ.
რაც შეეხება ვადებს – არ არსებობს რუსეთში იმის რესურსი, რომ 300 ათასიდან მილიონამდე გაწვეული ადამიანი ოფიცრების მიერ ეფექტურად მომზადდნენ. მომზადებას სჭირდება დრო, მწვრთნელი ოფიცრები (ეს ყველაზე დიდი პრობლემაა რუსულ არმიაში) და სივრცეები. სავარაუდოა, რომ თითოეული სამხედრო ერთ ან ორ დღიან ძალიან მოკლე ტრენინგს გაივლის სროლაში (შესაძლოა უკრაინაშივე) და შემდგომ აღმოჩნდებიან ფრონტის ხაზზე.
რაც მთავარია უკრაინელები არ ჩქარობენ და არც ნერვიულობენ. დასავლეთიდან იარაღის შემოდინება სტაბილურად დიდია, ხოლო საზღვრის პერიმეტრის მნიშვნელოვანი ნაწილი – გამაგრებული. სამობილიზაციო და საწვრთნელი რესურსი უკრაინასაც დიდი აქვს. მათ წვრთნასა და აღჭურვაში კი არამხოლოდ დიდი ბრიტანეთი და აშშ არამედ გერმანია და ესპანეთიც კი ებმება.
მაგრამ ახლა სამხედრო ინიციატივა უკრაინელთა ხელშია. რუსები ამ დღეებში შეეცდებიან მობილიზებული მასისა და რეგულარული ძალების გამოყენებით ეს ინიციატივა კვლავ თავად დაიბრუნონ.” – წერს გიორგი კობერიძე.