„ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს! არა მონობას, სადაც ადამიანებს იძულებით უფასოდ ამუშავებენ „ვიშკაზე“ და შლაგბაუმის გამღებად, ყარაულებად. აი, ამას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ქართული ჯარის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმა. ზოგადად ის, რომ ჯარისკაცის გვერდზე თანაბარ მდგომარეობაში დეზერტირობაზე მეოცნებეს ამყოფებ, ეს არ შეიძლება იყოს ჯარის პატივისცემა. ადამიანს არ უნდა გაუხადო საქმე ისე, რომ დეზერტირობაზე ოცნებობდეს იმიტომ, რომ ჯარში ძალით მიგყავს. ამ ქვეყანაში საკმარისად არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ და ოცნებობენ ჯარისკაცობაზე, ჩვენ იმათ შევუქმნათ პირობები და არავის ჯარში წაყვანა არ მოგვიწევს“,
ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
პარლამენტის წინ, პარტია „გირჩის“ აქცია, სახელწოდებით „არა მონობას“ იმართება, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ.
„გირჩის“ დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა ნებაყოფლობითი იყოს. მისივე თქმით, „გირჩი“ ითხოვს, რომ ჯარისკაცის პროფესია დაფასდეს.