“მივესალმებით თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაფრენას” – ამ განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რითიც ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, მინსკში ოპოზიციონერი ჟურნალისტისა და ბლოგერის რამან პრატასევიჩის დაკავებას ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში, დაკავებულ ჟურნალისტზე და მომხდარ ინციდენტზე არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები.
“მივესალმებით Ryanair-ის თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაფრენას თავდაპირველ დანიშნულების ადგილას, ვილნიუსში, ლიეტუვაში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანების გამო. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის უფლებით. მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია” -ნათქვამია, საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს მინსკში დააკავეს ბელარუსის ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება არეულობების მოწყობაში ადანაშაულებს.
პრატასევიჩი იმყოფებოდა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავში და ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა რა დროსაც დაუგეგმავად დაეშვა ქალაქ მინსკში. თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ თვითმფრინავში იყო ბომბი რის გამოც დაშვება მოუწია თუმცა მინსკში დაშვების შემდეგ თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა, მგზავრების შემოწმების შემდეგ კი, ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი დააკავეს. Telegram-ის ერთ-ერთი არხის ინფორმაციით, თვითმფრინავის მინსკშს დაჯდომის განკარგულება ალექსანდრე ლუკაშენკომ გასცა.
აღნიშნულ ფაქტს, მალევე გამოეხმაურა ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი, ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია და განაცხადა, რომ ბელარუსის თავზე ვერცერთი ადამიანი ვერ გადაიფრენს ისე რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გაათავისუფლონ ოპოზიციონერი ჟურნალისტი და აღნიშნული ინციდენტი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ გამოიძიოს.