შსს განცხადებით, “თბილისი პრაიდის” ფარგლებში დღეს, პირველ ივლისს დაგეგმილ ღონისძიებისთვის მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა ის უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს.
“ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს დილითაც, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – წერია უწყების განცხადებაში.