გიორგი გახარია აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუღებელია ნიკა მელიას დაპატიმრება, მაშინ როცა ეს ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის რისკს ქმნის.
“დღეს განსაკუთრებით, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია ქვეყნის განვითარების და უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ როცა ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით, გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენ შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და არ შექმნის საბაბს ესკალაციას. იქიდან გამომდინარე, რომ მე სამწუხაროდ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მე მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას.”,– თქვა მან.