მიზანი პიკური პერიოდის გადავადება იყო, ეს გარკვეულწილად მიღწეულია – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შეზღუდვების დაწესების მიზანი პიკური პერიოდის გადავადება იყო, რაც გარკვეულწილად მიღწეულია.

მისი თქმით, მინიმუმ 2–კვირიანი პერიოდია საჭირო ანალიზისთვისა და პროგნოზების გასაკეთებლად.

„რაც შეეხება რეგულაციების შემსუბუქებას, თქვენ იცით, რომ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში რეგულაციების შემსუბუქება პირდაპირ პროპორციულია ინფიცირების მატებასთან. ჩვენი მიზანი რაც იყო თავიდან, რომ მომხდარიყო პიკური პერიოდის გადავადება და ხელი შეგვეშალა იმ გეომეტრიული პროგრესისთვის, რომლითაც ვრცელდებოდა საქართველოში ვირუსი და დაგვეწყო ვირუსის მართვა, დღეის მდგომარეობით გარკვეულწილად მიღწეულია. ჩვენ შეგვიძლია ამის დასტურად მოვიყვანოთ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის მაჩვენებელი, რომელიც იყო 1.92 და დღეს ჩვენ გვაქვს 1.16. ეს არის მნიშნელოვანი შედეგი, თუმცა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ დადებით გამოსავლებზე ვისაუბროთ,“- განაცადა ტიკარაძემ.