მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს, არ დასტურდება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მითია, რომ ნიკოტინი კორონავირუსისგან იცავს ადამიანებს.

მისი თქმით,  თამბაქოსა და კორონავირუსს ბევრი საერთო აქვთ – ორივე სასუნთქ სისტემას აზიანებს.

თამბაქო არის ქრონიკული დაავადებების გამომწვევი ერთერთი მთავარი მიზეზი. ის აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს დიაბეტსა და სიმსივნეს… ბევრი საერთო აქვთ თამბაქოსა და კორონავირუსს. მოგეხსენებათ, რომ კოვიდიუპირველესყოვლისა აზიანებს სასუნთქ სისტემას და იწვევს პნევმონიის გართულებას. ამ მხრივ ბევრი საერთო ზიანია, ერთის მხრივ თამბაქოს მოხმარება და მეორე მხრივ კორონავირუსი. ამ საკითხზე ბევრი დისკუსიაა…

მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს, ეს არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, რომ ამაზე დისკუსიას მოვეშვათ. პირიქით, თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას. ეს ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან და უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები”,- აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, თამბაქოს ინდუსტრია მოგების სანახავად ცდილობს, ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანოს.

“თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც არის უზარმაზარი, 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში, ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და ე.წ მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის მოხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ, ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა”,- თქვა ამირან გამყრელიძემ.

დღეს თამბაქოს კონტროლის ალიანსმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებათა პროექტს. ცვლილებების თანახმად, გასახვევი თუთუნის გაყიდვა, შესაძლოა 15 გრამიანი შეფუთვითაც დაიშვას, რაც, ალიანსის განცხადებით, გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს მომავალ თაობას.

ალიანსი ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვან გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე და ასევე, თამბაქოს ტრანსნაციონალურ კომპანიებს საშუალება არ მისცენ, პოპულარიზაცია გაუწიონ ელ. სიგარეტებს და გახურებადი თამბაქოს ნაწარმს, რაც ყველაზე მეტად პოპულარული და მიმზიდველი სწორედ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა.