მითხრა, რომ ეს არის სერიოზული ზეწოლაო – მურმან დუმბაძე ფუტკარაძესთან საუბარს იხსენებს

“მეორე ტურის შემდეგ მითხრა, რომ ეს არის სერიოზული ზეწოლაო”- “ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელი მურმან დუმბაძე გარდაცვლილ, ბათუმის საკრებულოს დეპუტატთან ნუგზარ ფუტკარაძესთან ბოლო საუბრებს იხსენებს.

”მეორე ტურის შემდეგ მითხრა, რომ ეს არის სერიოზული ზეწოლაო. მე ვუთხარი, ვინ არის, ვინ შეიძლება ეს იყოს-მეთქი და შენ რომ გიყვარს, ის ხალხიო. გასაგებია, სუსი იქნება და მამა-შვილი-მეთქი, მე ვუთხარი. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა, რომ ამ ქვეყანაში არაფერი გამოვა, საერთოდ უნდა ვიფიქროთ, დავუტოვოთ ეს ქვეყანა, წავიდეთ, მე ამ ქვეყნის პერსპექტივას ვერ ვხედავო, – ამბობს მურმან დუმბაძე.

ცნობისთვის, დღეს ენმ-იმ ის აუდიო-მასალები გაასაჯაროვა, რომელიც  ნუგზარ ფუტკარაძის  მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს, რის შემდეგაც ბათუმის საკრებულოს დეპუტატი რამდენიმე დღის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.