ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ეხმიანება მის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და ამბობს, რომ მისი რეაქცია არ აკვირვებს. ექსპრეზიდენტმა მასზე თქვა, რომ მისი პრორუსობა რუსეთის პატრიარქსაც შეშურდებოდა.
“სააკაშვილის რეაქცია არ მაკვირვებს, მისი საოცარი უნარი, არაადეკვატურად გაშუქება მოვლენებისა, მსოფლიოში ცნობილია. მე ვიტყოდი, რომ თავდასხმა ხდება ერის ცნობიერებასა და კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც იჯერებენ ბატონი მიხეილის ვერსიებს, რაც რეალობას არ შეესაბამება”,– ამბობს სასულიერო პირი TV იმედთან საუბრისას.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ სააკაშვილი მის განცხადებებს თავდასხმად აღიქვამს, თავი უნდა დაიცვას და პასუხები გასცეს.
“მე ნდობას ვუცხადებ სასამართლოს, რომელიც ეტაპობრივად განიხილავს ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დატრიალდა საქართველოში. 7 ნოემბერი იქნება ეს, 26 მაისი, ცხინვალის ტრაგედია თუ სხვა. თუ ეყოფა გულწრფელობა და ვაჟკაცობა ბატონ მიხეილს, მაშინ ეს ყველაფერი აღიაროს. მე კვალიფიკაციას არ ვუკეთებ ამას, ფაქტების კონსტატაციას ვახდენ. თუ ეს არის თავდასხმა, მაშინ თავი დაიცვას და ამ ფაქტებზე გასცეს პასუხი. რუსეთუმეობა, მიკირტუმას ტერმინები თავისთვის დაიტოვოს”,– ამბობს მეუფე იოანე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიტროპოლიტს პრორუსი მას შემდეგ უწოდა, რაც მასზე თქვა, რომ “მკვლელმა მკვლელობა უნდა აღიაროს”.