ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, მიკი რურკმა ქსენია სობჩაკთან ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ უკვე დაწერა ანდერძი, რომლის მიხედვით მისი მთელი ქონება მის პირად თანაშემწეს და ახლო მეგობარს, უკრაინელ დმიტრი კორნიიჩუკს დარჩება.
69 წლის მსახიობმა აღიარა, რომ რვა წლის მანძილზე დიმა მისი ერთ–ერთი უახლოესი ადამიანი გახდა.
“ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის მსოფლიოში! მე ჩემი სახლის მისამართის დამახსოვრებაც არ შემიძლია. დიმას გარეშე დავიკარგები“– ამბობს სობჩაკთან ინტერვიუში მიკი რურკი და აღიარებს, რომ უკვე დაგეგმა საკუთრი დაკრძალვა. მსახიობს უნდა მის ძაღლებთან დაკრძალონ. მას წლების მანძილზე უკვე გარდაეცვალა 12 ძაღლი, რომლებიც აკლდამაში არიან დამარხული და მას იმედი აქვს, რომ ოდესმე მათთან ერთად განისვენებს. მისი სიკვდილის შემდეგ კი მთელი ქონება კორნიიჩუკს დარჩება.
“ყველაფერი დიმას დავუტოვე, აბსოლუტურად ყველაფერი! არ მეშინია სიკვდილის. თავად პროცესის მეშინია. მჯერა, რომ იმქვეყნად ჩემს ძმას ვნახავ, ჩავეხუტები“– ამბობს მსახიობი.
Celebrity Net Worth–ის შეფასებით, მიკი რურკის ქონება 10 მილიონ დოლარად არის შეფასებული, გარდა ამისა, მსახიობს აქვს აპარტამენტი მანჰეტენზე.
ცოტა ხნის წინ მან მხარი დაუჭირა უკრაინას და ემოციურად გამოეხმაურა რუსეთის შეჭრას, აღფრთოვანება გამოთქვა პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცით და გააკრიტიკა აშშ და ნატო ნელი მოქმედებებისთვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის შესახებ ასე დეტალურად მსახიობმა სწორედ მისი თანაშემწისგან და ახლო მეგობრისგან იცის: დმიტრის ნათესავები ხმელნიცკის ოლქში ცხოვრობენ.