მიმიწვიეს “ოცნების” მაჟორიტარების წარდგენაზე და რატომ არ უნდა მივსულიყავი? – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე მისი დასწრებით არაფერი გაფუჭებულა.

“მიმიწვიეს იქ, როგორც დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი და რატომ არ უნდა მივსულიყავი? რა გავაფუჭე ჩემი იქ მისვლით? მე ამ ხელისუფლების პერიოდში მომეცა საშუალება, რაც იყო მთავარი… ერთ-ერთი მთავარი იყო, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ ხელისუფლების დროს ჯანმრთელობა გახდა ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს იყო ჩემთვის ყოველთვის ოცნება – მთავრობას გაეთავისებინა ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და მოსახლეობის განათლება ორი მთავარი ბოძია, რომელზეც უნდა აშენდეს ქვეყნის მომავალი…”,– ამბობს გამყრელიძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე თქმით, ამ მთავრობამ რამდენიმე ინიციატივის განხორციელების საშუალება მისცა.

“დღეს, ახლა მიკიჟინებენ, რატომ მივედი იქ, მივედი, დიახ, იმიტომ, რომ [ამ ხელისუფლების პირობებში] მომეცა საშუალება ზოგიერთი ჩემი ინიციატივის განხორციელების… ახლა მაქვს ძალიან დიდი პროექტი – საქართველოს გენომის პროექტი, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს. თუ დამაცლიან, ამასაც შევძლებთ… არა ბატონო, არ მინდა პოლიტიკა”,– თქვა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 20 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. მათ წარდგენას დაესწრნენ პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და ლევან რატიანი.