„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი, აცხადებს რომ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს, პარტია ხელს არ მოაწერს. მინაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტში, “ბევრი სუსტი წერტილია” და პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა ბუნდოვანია
„ამ ვერსიით, რაც წარმოდგენილია, ჩვენ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ შემდეგი მიზეზებით: ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ საუბარია გირაოზე და თქვენ კარგად იცით ნიკა მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარია ამნისტიაზე საკმაოდ ფართო გაგებით და მოიცავს იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალის გამოყენებით ზიანი მიაყენეს რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ჩვენს მოქალაქეებს. ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. სუსტი წერტილებია თუნდაც ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კიდევ 2 წელი რჩება პოზიციაზე. გაურკვეველია როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს, საუბარი არაა ახალ მოსამართლეებზე, რაც ნიშნავს, რომ რეალური ცვლილებები ვერ განხორციელდება.ის შემოთავაზება, რაც ეხება ვადამდელ არჩევნებს, ესაა არასწორი მიდგომა, რადგან თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება.
იმისთვის, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დოკუმენტს ხელი მოაწეროს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით, უპირობოდ გათავისუფლდეს და ამის მერე იხსნება შეთანხმებისთვის სივრცე. ასევე მკაფიო უნდა იყოს გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმები. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადმინისტრაცია შემდეგი არჩევნებისთვის. საჭიროა სასამართლო რეფორმის სერიოზული ცვლილებები, ახალი მოსამართლეები და მათ შორის უცხოელებიც, თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება მართლმსაჯულების საკითხებზე. ასევე მნიშნელოვანია ვადამდელი არჩევნები. მსოფლიოში არავის გამოუგონია კრიზისების დაძლევის უკეთესი მექანიზმი, ვიდრე არჩევნებია. ესაა საუკეთესო გამოსავალი. მივცეთ მოქალაქეებს საშუალება ხმა მისცენ იმ პარტიას, ვის მიმართაც ნდობა აქვთ“,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.