“მინდა, დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ” – ზალკალიანი კარანტინში არწასვლაზე

“მინდა, დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ და გაეცნოთ”,– ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოპონენტების კრიტიკას ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში არ წასვლის შესახებ. ზალკალიანი მთავრობის 332–ე დადგინელებას იშველიებს, რომელშიც წერია, რომ  სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების შემდეგ, ვალდებულები არიან, 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა დადგენილების შინაარსი იციან, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. “იმ შემთხვევაში, თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე”, – აცხადებს საგარეო უწყება.

სამინისტროსვე ინფორმაციით, მინისტრსა და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები უარყოფითია.

გუშინ ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა მთავრობას მიმართა, გაივლის თუ არა ზალკალიანი ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინს. კანდელაკის თქმით, ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში არ შეუყვანია, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ე.წ მწვანე ქვეყნებიდან ჩამოდიან, 2-კვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.