პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ მშვიდობისადმი თქვენი ერთგულებისთვის, ასევე თქვენი გუნდისთვის. თქვენ გყავთ გამორჩეული გუნდი და მათთან ერთად მუშაობა ჩვენთვის დიდი პატივია.
[…]ჩვენ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლებზე მუშაობა ძირითადად დასრულებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ როცა ეს [ომი] დასრულდება, ის სამუდამოდ დასრულდება. ამასთანავე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ იმგვარი ძლიერი კეთილდღეობის შეთანხმების დასრულებასთან, როგორიც მსგავსი კონფლიქტების შემდეგ ძალიან ცოტა ქვეყანას უნახავს. ეს, მისწრაფების დონეზე, ნიშნავს დიდ შესაძლებლობებს უკრაინელი ხალხისთვის – მათთვის, ვინც ომიდან ბრუნდება და ვინც იქ შესანიშნავ სამუშაო ადგილებს იპოვის.
ჩვენ ამ პროცესში ვმუშაობთ BlackRock-თან და ლარი ფინკთან ერთად და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ხალხისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია და ერთად მუშაობს ამ უსაფრთხოების პროტოკოლებთან. ეს უკრაინას ხდის ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ვფიქრობთ, რომ ეს მისი გრძელვადიანი მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია .
[…] დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვფიქრობთ, რომ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. მოვისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და აქ მყოფი სხვა ადამიანების პოზიცია ტერიტორიასთან დაკავშირებულ ვარიანტებზე – ეს იქნება ყველაზე კრიტიკული საკითხი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე დისკუსიებს და იმედია, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისების მიღწევას შევძლებთ.
მაგრამ მინდა ესეც ვთქვა: ჩვენ აქ ვართ, რათა შუამავლობა გავუწიოთ და დავეხმაროთ მშვიდობის პროცესს და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. პრეზიდენტ ტრამპს მტკიცედ და გულწრფელად სჯერა, რომ ეს მკვლელობები უნდა შეწყდეს, ეს სისხლისღვრა უნდა დასრულდეს და ჩვენ ყველას, ვინც აქ ვართ, გადაწყვეტილი გვაქვს, ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ.














