სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სავარაუდო ძალდობის საქმის შესწავლა დაიწყო.
ლომჯარია დაზარალებულ ქალს, ნეკა დოროყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
“საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა.
მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!
მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!”,- წერს ფეისბუქზე ნინო ლომჯარია.
ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. დღეს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი ფიზიკურად ბავშვის თანდასწრებით გაუსწორდა, მისი მამა კი ,,რაღაც გრძელტარიანი” საგნით გაეკიდა.
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს.