“მინდორში ვეძებეთ, ბიჭო…ხო არ დაბრიდესმეთქი” – ჩხუბის მონაწილეების მიმოწერა და ახალი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები ჩნდება. მასალებში უკვე დევს ჩხუბის მონაწილეების მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ მისმა მეგობრებმა იმავე ღამეს იცოდნენ. კერძოდ, გიორგი ქათამაძე იმ ღამეს მეგობარს წერს, რომ გიორგი შაქარაშვილს ვერსად პოულობენ და რომ შესაძლოა ის თავდამსხმელებმა მოკლეს.

ფეისბუქ გზავნილები ადასტურებს იმასაც, რომ თბილისიდან ჩასული სადამსჯელო რაზმი ახალგაზრდებს სასტიკად გაუსწორდა.

საკუთარ დაზიანებებს ქათამაძეც აღწერს, რომელსაც ჭრილობები თავისა და სახის არეში ჰქონდა მიყენებული და სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა, თუმცა ექიმებს უთხრა, რომ ველოსიპედიდან გადავარდა.

“- ტანზე არაფერი მჭირს, ცხვირი გამიტყდა, ერთი ნაკერი წარბზე ნაკერები, ყურს უკან ნაკერები.. თვალი როგორ გადარჩა მეგონა დამბრიდავდნენ

– ის შენი ახლობელი სად არის ამდენ ხანს რომ არ გამოჩნდა

-მინდორში ვეძებეთ ბიჭო ხო არ დაბრიდეს მეთქი ის მაგარი ნაცემია მაგრამ სახეზე არა, ფეხზე ოდნავ დაჭრილია.გასმული აქ, ჯინსი შემოეხა პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ თან ბიჭო ორი ვინც ჩვენი ძმაკაცი არაა პროსტა ჩვენთან აღმოჩნდა, გაიქცნენ. გაგდებული ჰყავდათ კოკო და შევვარდი წავიდნენ დაბრუნდნენ და გავექეცით.რო დავეჭირეთ მე ორი დარტყმა მინდოდა და ვსიო.”

შსს-ში ამჟამად ანი გაბეჩავას კითხავენ. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაბეჩავა უწყებაში დღეს ისევ დაიბარეს, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა კითხვები ექნება გაბეჩავასთან გამოძიებას ამ ეტაპზე

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები ნარეკვავის აგარაკზე სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე იყვნენ შეკრებილები და მათ შორის დაპირისირებაც იქიდან დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში  შსს-მ ნარეკვავის აგარკზე მყოფი ახალგაზრდების გამოკითხვები განაახლა. გუშინ უწყებაში იმყოფებოდა საქმის ერთ ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც მედიასთან ამ დრომდე დუმს და კომენტარს არ აკეთებს.